განთავსების თარიღი: 19 სექტემბერი 2010 | 00:00
საფეხბურთო თრილერი უმაყურებლოდ !

 

 

თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. 500 მაყურებელი

 


 

გოლები: 1-0 ლილუაშვილი (31. კოშკაძის პასით), 2-0 კოშკაძე (35.ჯუისის პასით), 3-0 კაკუბავა (51. ლილუაშვილის პასით), 3-1 ტყემალაძე (55.კვერენჩხილაძის პასით), 3-2 ჩომახიძე (90) 

 


 

დინამო: ლორია, კაკუბავა, თომაშვილი, კვარაცხელია, ხმალაძე, ჯუისი (76.მუჯირი), ლილუაშვილი, კოშკაძე, კახელიშვილი, თექთურმანიძე (85.ლექვთაძე), სიხარულიძე (70.მეტრეველი).

 

სათადარიგოები: ნადირაძე, ჩადუნელი, გავაშელიშვილი, მამუჩაშვილი

 


 

სამტრედია: ძაგანია, დვალიშვილი,თ.შალიკაშვილი, კუპრეიშვილი, ბაკურაძე (76.ჩხიკვაძე), ფურთუხია (87.ი.შალიკაშვილი), ქებაძე, ჩომახიძე, პავლიაშვილი, ტყემალაძე, კვერენჩხილაძე (62.კაკალაძე).

 

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, კირკიტაძე, ხუმარაშვილი, ეცადეიშვილი. 

 


 

მთავარი მსაჯი: ხორავა ჯენერი

ასისტენტები: ფიფია ზაზა, ჯვარიძე ზურაბ

სათადარიგო მსაჯი: ვადაჭკორია გიორგი

 


 

 

 

დღეს, ბორის ბაიჭაძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა მცირერიცხოვანმა აუდიტორიამ ულამაზესი ფეხბურთი იხილა ''დინამოსა'' და ''სამტრედიას'' შესრულებით. მაღალი ტემპი, ლამაზი გოლები, ჭკვიანური გადაცემები, ბრძოლა მოედნის თითოეულ მონაკვეთზე...მოკლედ, თითქოს იყო ყველაფერი რის გამოც ხალხი აღმერთებს ფეხბურთს, თუმცა არ იყო უმთავრესი - სავსე ტრიბუნები ! ამ უკანასკნელის გარეშე კი, არც ლამაზ გოლებს აქვს ფასი, არც დიდოსტატურ გადაცემებს და საერთოდ, ფეხბურთს არ აქვს ფასი გულშემატკივრების გარეშე !

 

სხვა რა დაგვრჩენია, იმედი დავიტოვოთ, რომ ერთ დღესაც ხალხი დაბრუნდება სტადიონზე. ახლა კი, უშუალოდ დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ.

 

გუდნებმა თამაში ყოვლგვარი ურთერთდაზვერვის გარეშე დაიწყეს. უკვე მე-2 წუთზე, ჯუისს შეეძლო ანგარიშის გახსნა ხმალაძის ჩაწოდების შემდეგ, თუმცა ძაგანიამ ბურთი თავიდან ''ააცალა'' კამერუნელ ლეგიონერს. 

 

მალე, გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს : კვერენჩხილაძეს ურთულესი ბურთი აუღო ლორიამ, ხოლო თექთურმანიძის საჯარიმოს გარედან ძლიერად დარტყმული სანტიმეტრებით ასცდა "სამტრედიის" კარს. მეოცე წუთიდან, "დინამოს" კართან "ჩამოსცხა" : 2-ჯერ კვერენჩხილაძე დარჩა მეკარესთან პირისპირ, ერთხელ კი პავლიაშვილი, თუმცა ყველა აღნიშნულ შემთხვევაში გამარჯვებული გიორგი ლორია გამოდიოდა. 

 

ბუნებრივია, ამოქმედდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი , ვერ გაიტან გაგიტანენ . 31-ე წუთზე, კოშკაძემ კუთხური მოაწოდა, საჰაერო ორთაბრძოლა კი, ირაკლი ლილუაშვილმა მოიგო - 1-0. "სამტრედიაზე" გაშვებულმა გოლმა დამთრგუნველად იმოქმედა, რითაც შესანიშნავად ისარგებლეს მასპინძლებმა და ოთხ წუთში მეორე გოლიც გაიტანეს : ჯუისი ფლანგზე რამოდენიმე მცველს გასცდა და საჯარიმოს ხაზთან კოშკაძე მოძებნა, რომელმაც ტექნიკური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს. პირველ ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა, "დინამო" სოლიდური ფორით გავიდა შესვენებაზე.

 

მეორე ტაიმი სანახაობრივად კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა. 48-ე წუთზე სიხარულიძემ გაიტანა კოშკაძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ, თუმცა ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მასპინძლებმა მესამე გოლი მაინც გაიტანეს და ისევ სტანდარტული მდგომარეობიდან: ლილუაშვილის კუთხურისას ყველას კაკუბავამ აჯობა, 3-0 !

 

თითქოს აქ ყველაფერი უნდა დასრულებულიყო, თუცმცა "სამტრედიელთა" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ფარხმალი არ დაყარეს და ბოლომდე იბრძოლეს. მე-60 წუთზე კვერენჩხილაძის გადაცემით ტყემელაძემ ერთი ბურთი გაქვითა. 

 

აი, ამის შემდეგ კი დაიწყო სახიფათო მომენტების "სეტყვა" ორივე გუნდის კართან. ჯუისის თავური ხარიხას მოხვდა, კოშკაძემ სამჯერ(!) გაარტყა ბურთი ძელს. თავის მხრივ, არც სტუმრები იყვნენ გულხელდაკრეფილნი: ქებაძის შორეული დარტმა მილიმეტრებით ასცდა "დინამოს" კარს...მიხეილ კაკალაძე პირისპირ გადიოდა ლორიასთან, თუმცა უკნიდან წაქციეს. სტუმრები პენალტს და მცველის გაძევებას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა თამაშის გაგრძელება ბრძანა.

 

90-ე წუთზე შეხვედრის უკანასკნელი გოლიც ვიხილეთ. თბილისელთა კარისგან დახლოებით 20-25 მეტრში საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც შოთა ჩომახიძემ დიდოსტატურად შეასრულა და თავის გუნდს მატჩის გადარჩენის შანსი გაუჩინა.

შეხვედრის დასრულებამდე 2-3 წუთი კიდევ რჩებოდა, თუმცა "სამტრედიას" ბოლო შტურმის მოსაწყობად ძალა აღარ ეყო.

 


გიორგი ჯავახაძე