|
უკანასკნელი სიახლეები
13-04-2013 22:26
ზესტაფონი - დინამო (თბ) (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:23
ტორპედო - ზუგდიდი (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:19
ჩიხურა - დილა (მე-5 ტური, ფლეი-ოფი)
13-04-2013 22:16
ვიტ-ჯორჯია - კოლხეთი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
13-04-2013 22:14
სიონი - მერანი (მე-5 ტური, ფლეი-აუტი)
სიახლეების კალენდარი
|
განთავსების თარიღი: 22 სექტემბერი 2009 | 00:00
მიზეზთა ძებნაში...
"ლელო " # 223 22 სექტემბერი, სამშაბათი, 2009 წელი
მიზეზთა ძებნაში...
გია ტუხაშვილი
ჩემპიონატის დაწყებიდან პირველად მოხდა, როცა ერთპიროვნულ ლიდერს კონკურენტები წამოეწივნენ; ეგ კი არა, იმის დიდი ალბათობაც არის, რომ მომავალი ტურისთვის ცხრილის სათავეში სხვა გუნდი ვიხილოთ; მაგრამ, ვარაუდებს, ჯობს, განვლილ ტურზე ვისაუბროთ და, უპირველეს ყოვლისა, `დინამოს` მორიგი შთამბეჭდავი თამაში აღვნიშნოთ - კახა კაჭარავას გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში მეტოქეთა კარში 10 (!) გოლი გაიტანა;
ხოლო სკუთარში არც ერთი არ გაუშვია! სამაგიეროდ, ასევე ზედიზედ ორი ტურია, რაც `ოლიმპი` გოლის გატანას ვერ ახერხებს და სწორედ ამ ორ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი ქულის გამოც არის, რომ ოთარ კორღალიძის გუნდს უახლოესი მდევრების `სუნთქვა ესმის`. თუმცა, ამ სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მთავარი მიზეზი, თურმე, არაობიექტური მსაჯობა ყოფილა! ყოველ შემთხვევაში, `ოლიმპის` მთავარმა მწვრთნელმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ნამდვილად ყურადსაღებია; ოღონდ, ყველა ცოდვისა თუ უბედურების... მსაჯებზე `აკიდებაც`, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულად გვეჩვენება - ჩვენ ასე ვფიქრობთ და სხვისი, რა მოგახსენოთ...
ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
ტურის ცენტრალური შეხვედრა (`ოლიმპისა` და `ვიტ ჯორჯიას` მონაწილეობით), როგორც მოსალოდნელი იყო, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. მართალია, ლამაზი სანახაობა თუ გოლების ფოიერვერკი ვერ ვიხილეთ, მაგრამ ის კი ნათლად ჩანდა, რომ მოედანზე ორი საკმაოდ ორგანიზებული გუნდი ასპარეზობდა. 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდის ფეხბურთელებს მონდომებას ვერ დავუკარგავდით, თამაშიც ხისტად მიმდინარეობდა და ერთი-ორჯერ, ფეხბურთელებს შორის მცირე გაწევ-გამოწევაც მოხდა.
`ოლიმპს` მეტოქესთან შედარებით მცირე ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ საიმედოდ მოთამაშე გრიგოლ ბედიაშვილის კარის აღება მაინც ვერ მოახერხა. ამასთან, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ აშკარად `მოქნილი` და, რაც მთავარია, ეფექტიანი გამოდგა ოთარ კორღალიძის ტაქტიკური სიახლე - `ოლიმპმა` პირველად იასპარეზა 4-4-2 განლაგებით. თან, გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა მორიგ ახალწვეულს - გიორგი ჭედიას, ვინც მოედანზე შესვენების მერე გამოჩნდა და მატჩის მიწურულს ჩინებული შანსიც მიეცა, მაგრამ ბედიაშვილს ვერ აჯობა.
საკმაოდ ორგანიზებული და ტაქტიკურად განსწავლული თამაში უჩვენა მოქმედმა ჩემპიონმაც; ფაქტია, რომ `ვიტ ჯორჯიას` ახალი მწვრთნელი მერაბ კოჭლაშვილი ამ კომპონენტის შესწავლაზე ფეხბურთელებთან ბევრს მუშაობს. თვითონაც აღნიშნა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ ამ ბოლო დროს `ვიტ ჯორჯიამ` დაცვაში თამაში აშკარად გამოასწორაო; მოკლედ, ჩემპიონატის ორი ფავორიტის შეხვედრა საყაიმო ანგარიშით რომ დასრულდა, მოულოდნელი არავისთვის უნდა ყოფილიყო. მაგრამ, აი, პრესკონფერენციაზე, `ოლიმპის` მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ისეთი `ხმაურიანი` განცხადება გააკეთა, უყურადღებოდ რომ არ უნდა დარჩეს.
...ოთარ კორღალიძის საფეხბურთო კარიერა ლამის ოცი წელიწადი გრძელდებოდა და სადაც კი უთამაშია (ლანჩხუთის `გურია`, ქუთაისის `ტორპედო`, თბილისის `დინამო`, გურჯაანის `ალაზანი`), ყველგან გამორჩეული მოთამაშე იყო; ათი წელიწადია, რაც სამწვრთნელო ასპარეზზეა და ამ შემთხვევაშიც ვერავინ იტყვის, დამწყები სპეციალისტიაო.
ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ კაცი ასეთ `ხმაურიან` განცხადებებს, ტყუილუბრალოდ არ გააკეთებს. წესითა და რიგით, `ოლიმპის` მთავარი მწვრთნელის ბრალდებებს... შესაბამისმა სამსახურმა პასუხი უნდა გასცეს; ეს შესაბამისი სამსახური კი... საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო და სადამკვირვებლო კომიტეტია; ანუ, მართლაც, ძალიან გვაინტერესებს, თუ რა რეაგირებას მოახდენს ეს კომიტეტი და პირადად ხელმძღვანელი (ამირან კაჭახიძე) ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გუნდის მთავარი მწვრთნელის სიტყვებზე.
ახლა კი უკომენტაროდ გთავაზობთ `ოლიმპი`-`ვიტ ჯორჯიას` მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოთარ კორღალიძის `ბრალდებათა ნუსხას`:
`ქართული ფეხბურთი ამ დღეში რომ იმყოფება, მსაჯების ბრალია!`, `მსაჯები ყველა თამაშს კლავენ!`, `ჩემპიონატში თუ რამ ცუდი ხდება, სწორედ მსაჯები იწყებენ, თან განსაკუთრებით გამოცდილი მსაჯები სცოდავენ!`, `მსაჯის მიკერძოებასა თუ შეცდომას ჟურნალისტი ვერ დაინახავს - ამას, მხოლოდ მწვრთნელის თვალი ამჩნევს!`, `ჩვენ თამაშებზე მსაჯები სპეციალურ დავალებას ასრულებენ - `დინამოსთან` მატჩში გიორგი ვადაჭკორიამ ეს ჩინებულად შეასრულა!`, `იმავე `დინამოსთან` მატჩში ჩვენ ფეხბურთელს აკინოს ფეხებში ორჯერ მოარტყეს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მსაჯს ჯარიმა არ დაუნიშნავს!`, `ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და იმედია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ვინც მოვა, ამ საკითხს მიხედავს, თორემ მსაჯები ყველა თამაშს კლავენ!`
ბრაზილიური პროექტის ფიასკო?
ყველას კარგად გახსოვთ, თუ რა აჟიოტაჟი იყო ამ ზაფხულს რუსთავის `ოლიმპში` ბრაზილიელი ფეხბურთელების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ბოლო-ბოლო, ბრაზილიური `ატლეტიკო პარანენსეს` ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავულმა კლუბმა მათი წარდგენის საზეიმო პრეზენტაციაც მოაწყო.
თუმცა, პრეზენტაციამდე ბრაზილიელები ნელ-ნელა უშინაურდებოდნენ ახალ გარემოს და ძალიან მალე გაირკვა, რომ ამ ხუთიდან სამი კარგი ფეხბურთელია, ერთს... არა უშავდა, აი, მეხუთე კი აშკარად სუსტად გამოიყურებოდა. თან, ყველაზე უცნაური ის იყო, რომ სწორედ ამ მეხუთეს, - ჩოკოს ჰქონდა შთამბეჭდავი `სივი`!
სამწუხაროდ, ჩოკო ვერა და ვერ `გაიხსნა` - ჯერ ვარლამ კილასონიამ, მერე კი ოთარ კორღალიძემ, ახალგაზრდა ბრაზილიელს რამდენიმე შანსი მისცეს, მაგრამ განსაკუთრებული მაინც ვერავინ ვერაფერი დავინახეთ; `არა უშავდაო`, რომ ვთქვით, ცენტრფორვარდი ჯონათასი იყო - ერთი-ორ მატჩში `მოინდომა`, მაგრამ, ჩოკოს მსგავსად, ქართველ ფეხბურთელებს დიდად ვერ ჯობდა. აი, დანარჩენმა სამმა კი, აშკარად გაამართლა: ცენტრალურმა მცველმა ფრაგამ, მარჯვენა გარემარბმა ჯერონიმომ (მარცხნივაც რომ შეუძლია თამაში!) და, რაღა თქმა უნდა, აკინომ, ჩვენმა გაზეთმა აგვისტოში თვის საუკეთესო ფეხბურთელად რომ დაასახელა.
წინა ტურში, `დინამოსთან` მატჩის მეორე ტაიმში `ოლიმპში` კიდევ ერთი ბრაზილიელი გამოჩნდა - ახალგაზრდა ფორვარდი ედი სალესი. ახალი გარემო, თანაგუნდელებთან შეუთამაშებლობა, აკლიმატიზაცია, წვიმიანი ამინდი (!) - `ყველაფერი` გავითვალისწინეთ და სალესის სადებიუტო 45 წუთს კრიტიკული შეფასებაც არ მივეცით; აი, `ვიტ ჯორჯიასთან` შეხვედრაში კი სალესი უკვე ძირითადში ვიხილეთ, მაგრამ, რა ხეირი - 45 წუთის განმავლობაში ცენტრფორვარდს, მეტოქის კარში დარტყმას ვინ ჩივის, ხეირიანად ბურთიც არ მიუღია!
ანუ, სავსებით ლოგიკური ჩანდა კიდეც ოთარ კორღალიძის გადაწყვეტილება, როცა უჩვეულოდ პასიური სალესი შესვენებაზე გამოცვალა. მით უფრო, რომ ფართოდ რეკლამირებული ბრაზილიელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა კიდევ ერთმა ახალწვეულმა გიორგი ჭედიამ ურიგო შთაბეჭდილება ნამდვილად არ დატოვა. ეგ კი არა, სულაც მატჩის გმირიც შეეძლო გამხდარიყო - ორჯერ ხელსაყრელ პოზიციაზეც აღმოჩნდა...
...`ოლიმპში` ამჟამად ექვსიდან... სამი ბრაზილიელიღა დარჩა: ჩოკოს, კეთილი სურვილებით დაემშვიდობნენ, ჯონათასი კი ორი კვირით გამგზავრებულა სამშობლოში და არ არის გამორიცხული, აღარც ჩამოვიდეს; უახლოეს დღეებში საზეიმოდ თუ არა, `თბილად და ტკბილად` დაემშვიდობებიან სალესსაც...
ისე, ოთარ კორღალიძის მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ; კალენდარი ისეა შედგენილი, ყოველ მეხუთე-მეექვსე დღეს მატჩი არის; ჰოდა, ახალწვეულების `გასინჯვა-საქმეში ნახვაც` ... უშუალოდ ოფიციალურ შეხვედრაში რომ მოუწევს მთავარ მწვრთნელს (თან, `დინამოსთან` და `ვიტ ჯორჯიასთან`), ცოტა არ იყოს, არასოლიდურად მოჩანს. აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ უკვე შვიდი ტური ჩატარდა და `ოლიმპის` დაკომპლექტება... კიდევ გრძელდება. ჰო, თითქმის ყველა მატჩში კორღალიძის გუნდში ახალწვეული უნდა ვიხილოთ, არადა, ფეხბურთელების ერთმანეთში შესათამაშებლად დროც გადის და ამასობაში კონკურენტებიც მიუახლოვდნენ...
დაბოლოს, `ბრაზილიელების თემაზე` - ჩვენს ჩემპიონატში ზამთრის პაუზა რომ გამოცხადდება, სასურველი ფეხბურთელის ჩამოსაყვანად ბრაზილიაში ოთარ კორღალიძე თვითონ ჩავა... ასეც უნდა იყოს: მწვრთნელმა საკუთარი გემოვნებით უნდა შეარჩიოს მისთვის სასურველი ფეხბურთელი! თორემ, ჩვენთან ხომ ტრადიციასავით დამკვიდრდა: მოუყვანენ მწვრთნელს ამა თუ იმ ფეხბურთელს და სანამ ამ მოთამაშის `ავკარგიანობა` დადგინდება, ძვირფასი ქულებიც გაფრინდება. თან, მთავარიც არ დაგვავიწყდეს - ნებისმიერ შემთხვევაში შედეგზე პასუხს ხომ მწვრთნელი აგებს...
კლასის დადასტურება
`დინამოს` ვეღარავინ აჩერებს - კახა კაჭარავას გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო დიდი ანგარიშით! თან, იმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, სად და ვისთან მოიგებ? ჰო, ახალი რა უნდა ვთქვათ: ზუგდიდში თამაში ნებისმიერ გუნდს უჭირს და გამონაკლისი არც `დინამო` იყო; მაგრამ ამჯერად სტუმრებმა მაღალი კლასის ხარჯზე შეძლეს და მასპინძლებს სასტიკი მარცხი აგემეს! ისე, `კლასი` შემთხვევით არ გვიხსენებია - `ბაიასთან` შეხვედრაში `დინამომ` შვიდი მომენტი შექმნა და აქედან... ექვსი გამოიყენა; თითქმის იგივე სიტუაცია იყო წინა ტურშიც, როცა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან შეხვედრაში ხუთიდან... ოთხი მომენტი გოლად აქცია; არადა, გავიხსენოთ, სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ `დინამო` სწორედ ამ კომპონენტში მოიკოჭლებდა.
...`ბაიასა` და `დინამოს` პირველი ტაიმის შემდეგ, ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ მატჩი მასპინძელთათვის ასეთი სავალალო შედეგით დასრულდებოდა. ბესიკ შეროზიას გუნდმა ღირსეული წინააღმდეგობაც გაუწია ფავორიტ-მეტოქეს და პირველ ტაიმში რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ `დინამოს` მეკარე გიორგი ლორია საიმედოდ თამაშობდა. აი, მეორე ტამში კი სტუმართა მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ და ჩინებულმა ფიზიკურმა მომზადებამ თავი იჩინა;
მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა ალექსანდრე კოშკაძემ, ზედიზედ მეორე შეხვედრაში `დუბლი` რომ შეასრულა; ასევე ორი გოლი გაიტანა გიორგი მერებაშვილმა, თან, `დინამოს` ტრავმამოშუშებულმა ლიდერმა ორივეჯერ ეფექტურად გაიტანა; სასიხარულოა, რომ გოლის `გემო` გაიხსენა მათე ვაწაძემ - ახალგაზრდა ფორვარდმა `დუბლის` შესასრულებლად რვა წუთი იმყოფინა! ნურც სხვა დინამოელებს დავუკარგავთ გარჯას - თუნდაც, გუნდის კაპიტან ლევან ხმალაძეს, ყველა მატჩში ერთნაირი წარმატებით რომ ასპარეზობს. სხვათა შორის, დინამოელები გატანილი გოლით თანაგუნდელ გიორგი ნერგაძესაც `ულოცავდნენ`, ვისაც მატჩამდე ერთი დღით ადრე ვაჟი შეეძინა. რაც მთავარია, გუნდმა ეს წარმატება... მთავარ მწვრთნელსაც მიულოცა - 19 სექტემბერს კახა კაჭარავას დაბადების დღე ჰქონდა!
...ზუგდიდში ფეხბურთი რომ უყვართ და იციან, არახალი ამბავია; აბა წარმოიდგინეთ, სხვაგან სად მოხდებოდა, რომ 0:6-ის მერე, სტუმართა გუნდი ტაშით გაეცილებინოთ; იმედი დავიტოვოთ, რომ ბესიკ შეროზიას ახალგაზრდული გუნდი მალე დაივიწყებს `დინამოსთან` დიდი ანგარიშით მარცხს. არადა, `ბაიაში` არაერთი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს, თუნდაც, 17 წლის ნიკა ძალამიძე, ვინც კვლავაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა...
|
|



